მას შემდეგ რაც ჯანლუიჯი დონარუმა 2015 წელს მოედანზე "მილანის" მაისურით მოგვევლინა, იგი "როსონერის" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა.
როგორც "SportMediaset" იტყობინება, მინო რაიოლამ კლუბს ჯიჯის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოთხოვნა უკვე წამოუყენა.
მოთხოვნა შემდეგნაირია: 10 მილიონი ევრო წელიწადში, რომელიც იტალიელს მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს გახდის სერია ა-ში კრიშტიანო რონალდოს შემდეგ.
ამავდროულად, წყაროს ცნობით, აგენტი და ფეხბურთელი ნაკლებ ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ გამოსასყიდი თანხა 30-40 მილიონი ევრო იქნება.
მოგეხსენებათ, 21 წლის მოთამაშეს მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. გეტყვით, ასევე, რომ "Transfermarkt" მას 60 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დონარუმას ანგარიშზე ამ სეზონში ლომბარდიული გრანდის მაისურით 11 შეხვედრაა.