სტადიონი
სან სირო
{title}
  • სახელი
    სან სირო
    ტევადობა
    75.923
  • გახსნის თარიღი
    1926 წ.
    რეკონსტრუქციის თარიღები
    1935, 1955, 1987–1990, 2015–2016
  • მინდვრის ზომა
    105 x 68 მ
    უეფას კატეგორია
    (მე-4 დონე)
  • სტადიონის დაარსების იდეა გასული საუკუნის დასაწყისში "მილანის" პრეზიდენტს, პიერო პიერის გაუჩნდა. ადგილის შესარჩევად მრავალი ადგილი ნახა, თუმცა საბოლოოდ "მილანის" გარეუბანი, სან სირო გადაწყვიტა. იმ დროს იქ იპოდრომი იყო გაშენებული. სტადიონის მშენებლობა 1925 წელს დაიწყო. საბოლოო სახე კი უკვე 13 თვეში მიიღო. არენა ოფიციალურად 1926 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა და მხოლოდ ფეხბურთისთვის იყო განკუთვნილი. სტადიონზე განლაგებული იყო ოთხი ერთმანეთისაგან დაშორებული ტრიბუნა, რომელიც მხოლოდ 35 000 ადამიანზე იყო გათვლილი.

    პირველი შეხვედრაში "მილანი" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ და ყველასათვის მოულოდნელად ამ უკანასკნელმა 6:3 სძლია "როსონერის". პირველი ოფიცილური მატჩი იტალიის ჩემპიონატში უფრო მოგვიანებით ჩატარდა. "მილანმა" "სამპიერდარენეზესთან” 1:2 წააგო. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ კლუბისთვის "სან სირო" დათარსული იყო. ამ სტადიონზე იტალიის ნაკრებმა პირველი მატჩი 1927 წლის 20 თებერვალს ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.



    სტადიონის რეკონსტრუქციები


    პირველი: პირველი რეკონსტრუქცია "სან-სიროს" 1939 წელს ჩაუტარდა და 50 ათას მაყურებლამდე გაიზარდა. უკვე 1947 წლიდან სტადიონი მეორე მილანური კლუბის, "ინტერის" საშინაო არენა გახდა (მანამდე "არენა ნაპოლეონიკზე" თამაშობდა). "ნერაძური" თავიდან იჯარას იხდიდა, თუმცა შემდეგ სტადიონის თანამფლობელი გახდა.

    მეორე: სულ მალე სტადიონის ტევადობა 150 ათასი გახდა, მაგრამ ეს აშკარად გაბერილი ციფრი იყო. რეკონსტრუქციის შედეგად "სან-სირო" ჯერ 100-ათასიან არენად იქცა, 1955 წელს კი მისი ტევადობა 85 ათასამდე შემცირდა.

    მესამე: 1985 წელს ბრიუსელში, ჩემპიონთა თასის ფინალის წინ მომხადრი ტრაგედიის შემდეგ "სან სიროზე" ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება გადაწყვიტეს. მაშინ გაირკვა, რომ ამ სტადიონს მსოფლიოს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა და ქალაქის საბჭომ რეკონსტრუქციისთვის 30 მილიონი დოლარი გამოყო.

    მინდვრის გარშემო 11 კოშკი აიგო. თითო თითო ყველა კუთხეში, სადაც განათება დამონტაჟდა, თუმცა მთავარი ის იყო რომ სამ მხარეს (დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით) ტრიბუნების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. საბოლოოდ მთლიანი რეკონსტრუქცია გამოყოფილ თანხაზე ბევრად მეტი 55 მილიონი დოლარი დაჯდა.

    მეოთხე: დღეს "სან-სირო" 85.700 გულშემატკივარს იტევს. პრეს სექტორი 400 ჟურნალისტზეა გათვლილი სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის 20 ვიპ ლოჟაა გამოყოფილი, რაც საერთო ჯამში 200 სტუმარს იტევს.



    მსოფლიო ჩემპიონატები "სან სიროზე"


    1934 წელს იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. "სან სიროზეც" მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა. პირველი იყო მატჩი შვეიცარიასა და ჰოლანდიას შორის იყო (3:2), შემდეგ მეოთხედფინალური დაპირისპირება გაიმართა გერმანიასა და შვედეთს შორის, ეს შეხვედრა თავის დრამატიზმითა და სანახაობრივი თვალსაზრისით, ოქროს ასოებოთ ჩაიწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მაშინ გერმანიამ 2:1 მოუგო მოწინააღმდეგეს.

    ნახევარფინალში იტალია და ავსტრია სწორედ აქ შეხვდნენ ერთმანეთს, სკუადრა აძურამ ენრიკო გუაიტას გოლის წყალობით შეძლო ავსტრიელების დამარცხება. მოგვიანებით კი ფინალში ჩეხოსლოვაკიასაც სძლიეს. ყოველივე ამის შემდეგ "სან-სირო" აპენინელებისთვის დიადი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

    1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ იტალიაში ჩატარდა. "სან-სიროს" კი დიდი პატივი ერგო. მუნდიალის გახსნის ცერემონიალი და პირველი მატჩი კამერუნსა და არგენტინას შორის აქ გაიმართა.



    საკლუბო ჩემპიონატების ფინალები


    60-იანი წლებიდან "სან სირო" საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატების ფინალებს მასპინძლობს. 1963, 1964, 1965 და 1969 წლებში "მილანმა" და "ინტერმა" საშინაო შეხვედრები საკონტინენტთაშორისო თასზე აქ ჩაატარეს. იგივე მოხდა 1991, 1994 1995 და 1997 წლებში.

    ჩემპიონთა ლიგის არაერთი ფინალი გაიმართა "სან-სიროზე". 1965 წელს ფინალში "ინტერმა" ლისაბონის "ბენფიკას" სძლია, 5 წლის შემდეგ ამავე სტადიონზე თასი "ფეინოორდმა" აღმართა, მას შემდეგ რაც გლაზგოს "სელტიკი" დაამარცხა. 2001 წელს კი მიუნხენის "ბაიერნმა" პენალტების სერიაში "ვალენსია" დაამარცხა. 2016 წელს "სან სირომ" ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ ფინალს უმასპინძლა და აქაც, კიდევ ერთხელ, გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიამ გაარკვია. მადრიდულ დერბიში "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო.



    "დერბი დელა მადონინა"


    მიხედავად უამრავი სანაკრებო თუ საკლუბო დაპირისპირებების კოლექციისა, ფაქტი ერთია - ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი "სან-სიროსთვის" მაინც მილანური დერბია. "ნერაძურის" ტიფოზებისთვის დაუვიწყარია 2001 წლის 21 მაისი. ამ დღეს "ინტერმა" მარკო ტარდელის ხელმძღვანელობით სამარცხვინო მარცხი იწვნია "მილანისაგან" 0:6 (შევჩენკოსა და კომანდინის ორ-ორი გოლისა და ჯუნტისა და სერჟინიოს თითო გოლის წყალობით).

    ყველაზე ცნობილი დერბი ევროთასების სტატუსით გაიმართა. 2005 წლის 12 აპრილს "მილანი" და "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში "სან სიროზე" შეხვდნენ. პირველი მატჩი "მილანს" ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში "მილანელმა" ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც "ინტერის" გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი "მილანის" მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.

    ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, "ინტერის" გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.

    საქმე უეფას სადისციპლინო კომისიას გადაეცა. მათ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, უეფა-ს ისტორიაში "ინტერი" ყველაზე დიდი რაოდენოიბის თანხით - 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გარდა ამისა, "ნერაძურის" 0:3 წაგება ჩაეთვალე და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში "მილანმა" 5:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.



    "სან სიროს" მომავალი და ახალი სტადიონი


    2019 წლის 24 ივნისს "მილანმა" და "ინტერმა" ერთობლივი განცხადება გააკეთეს ახალი სტადიონის შესახებ, რომელიც "სან სიროს" ჩაანაცვლებს. ახალი სტადიონი 60 000 მაყურებელს დაიტევს, ხოლო მისი საერთო ღირებულება 800 მილიონი ევროთია განსაზღვრული. არენა მზად 2022/23 წლის სეზონისთვის იქნება. არენა ატლანტაში, ჯორჯიის შტატის დედაქალაქში მდებარე მერსედეს-ბენც სტადიონის პროექტის მიხედვით აიგება.

    მილანის მერმა ჯუზეპე სალამ განაცხადა, რომ "სან სირო" 2026 წლამდე იარსებებს, რათა ზამთრის ოლიმპიადა და პარაოლმპიადა მიიღოს.

    2019 წლის 26 სექტემბერს "მილანმა" და "ინტერმა" სტადიონის შესაძლო 2 პროექტი წარადგინეს. ამ ეტაპზე არენის დასახელებად "Nuovo Stadio Milano"-ს იყენებენ, თუმცა იგი სპონსორის სახელის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს.