
როგორც მოგეხსენებათ, ეს დღეებია პრესაში კიელინის კომენტარები ვრცელდება სხვადასხვა ფეხბურთელზე. ვიდალის, ბალოტელის და ფელიპე მელოს შემდეგ, ახლა "მილანის" ყოფილი მცველის ლეონარდო ბონუჩის ჯერიც დადგა.
იტალიელმა ფეხბურთელმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გარკვეული ადგილი თანაგუნდელის 2017 წელს "როსონერიში" გადასვლასაც დაუთმო და არჩევანი დაუწუნა:
"ჩემი აზრით, მისი გადაწყვეტილება მცდარი იყო. ეს ხომ "რეალი" არაა. "იუვენტუსმა" მას ბევრი რამ ასწავლა. "შავ-თეთრებში" გატარებული წლები, რა თქმა უნდა, სულ სხვაა, ვიდრე ლომბარდიულ გრანდში. იგი ტურინში ბევრად უკეთესი იყო. მე არ ვიცი, თუ რამ მიაღებინა მას ეს არჩევანი. ჩვენ რამდენიმე კვირა არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ თუ მასთან ერთად ვიქნებოდი, აუცილებლად შევაცვლევინებდი აზრს".
შეგახსენებთ იმასაც, რომ 33 წლის მოთამაშე "მილანის" საკუთრებას 2017 წელს წარმოადგენდა. 1 წლის შემდეგ კი იგი ტურინელებს დაუბრუნდა.