ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში "მილანი" შინ დორტმუნდის "ბორუსიასთან" 1:3 დამარცხდა და ხუთი ქულით, ამჟამად ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
"შავ-წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ გერმანელებთან წაგებული მატჩის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა:
"პენალტის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისმა ვერ გამოყენებამ გუნდზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. ასევე, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, კონტრშეტევაზე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ თამაშს თავისი კვალი დაატყო".
"როდესაც მომენტების რეალიზებას ვერ ახდენ, როგორც წესი ამისთვის ისჯები. ბუნებრივია, როცა "დორტმუნდს" შეტევაში სივრცეს უტოვებ, ისინი ძალიან სახიფათონი არიან".
"საბოლოოდ, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი საღამო აღმოჩნდა. ვიცოდით, რომ ეს მატჩი იყო შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ".
"მილანის" გულშემატკივრებს უფლება აქვთ, გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები იყვნენ, თუმცა ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ახლა უნდა წავიდეთ ნიუკასლში, ვაჩვენოთ კარგი თამაში და გავიმარჯვოთ. მართალია, მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულები აღარ ვართ, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ", - ამბობს პიოლი.
"როსონერი" აღნიშნული ტურნირის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, ბოლო თამაშს 13 დეკემბერს სტუმრად, "ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩაატარებს და შესაძლოა, მერვედფინალში გასასვლელად იქ გამარჯვებაც კი საკმარისი არ აღმოჩნდეს.