1 წლის და 1 თვის წინ
პოზიტიური ცნობები ლაზარეთიდან - ბენასერი მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება
პოზიტიური ცნობები ლაზარეთიდან - ბენასერი მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება
ავტორი
Aa

"მილანს" მალე ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი დაუბრუნდება, რომელმაც ბოლოს გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ინტერთან" ითამაშა და ტრავმაც იმ შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ კი ბენასერი "როსონერის" ვერცერთ მატჩში ვერ დაეხმარა. 

ალჟირელის დაბრუნება წლის ბოლოს იგეგმებოდა, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში განაახლა და 2-3 კვირაში, როგორც კი ფორმას აღიდგენს, თამაშსაც შეძლებს.

ბენასერი მილანური გუნდის ნახევარდაცვის ხაზის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. "როსონერიმ" მის გარეშე ბოლო 23 მატჩი გამართა (ამხანაგურების ჩათვლით), საიდანაც 14 მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და შვიდჯერ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მილანელებმა გასულ ზაფხულს ნახევარდაცვის ხაზში საკმაოდ ბევრი ცვლილება განახორციელეს. გუნდმა სანდრო ტონალი გაყიდა, ხოლო რუბენ ლოფტუს-ჩიკი და ტიჯანი რეინდერსი შეიძინა. მათ შეტევის ხაზიც გააძლიერეს. "როსონერის" რიგებს იუნუს მუსა, კრისტიან პულისიჩი და ნოა ოკაფორი შეუერთდნენ.


Facebook კომენტარები