1 წლის და 5 თვის წინ
გადაწყვეტილია: ანჩელოტი სანაკრებო კარიერას იწყებს
გადაწყვეტილია: ანჩელოტი სანაკრებო კარიერას იწყებს

გადაწყვეტილიცაა და უკვე დადასტურებულიც: "მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების თავკაცად დაინიშნება.

64 წლის იტალიელი "სელესაოს" 2024 წელს, მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჩაიბარებს. ეს ამბავი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა დაადასტურა.

სანამ ანჩელოტი ბრაზილიელთა დამრიგებელი გახდება, მანამდე ამ პოსტზე 49 წლის ფერნანდო დინისი იმუშავებს. "ჩვენ მას დროებით მწვრთნელს არ ვუწოდებთ, იგი ეროვნული ნაკრების მწვრთნელია. ის მოამზადებს გუნდს მანამდე, სანამ ანჩელოტი ჩაიბარებს", - აღნიშნა როდრიგესმა.

აღსანიშნავია, რომ იყო საუბრები, რომ ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ახლავე ჩაიბარებდა, მაგრამ თვითონ იტალიელი ამ ინფორმაციას უარყოფდა და იმეორებდა, რომ "რეალთან" კონტრაქტის ბოლომდე იმუშავებდა. ასეც მოხდა: კარლო "სელესაოს" დამრიგებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი ამოეწურება.

გამოდის, რომ "კარლო პაპა" ბრაზილიის ნაკრების კოპა ამერიკის დაწყების (2024 წლის 20 ივნისი) წინ ჩაიბარებს, "რეალთან" კონტრაქტის დამთავრებიდან 10 დღეში.

ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში ეს პირველი ნაკრები იქნება. იტალიის ნაკრებში ის 1992-დან 1995 წლამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, საკლუბო დონეზე კი ძალიან ბევრი ტიტული აქვს მოგებული - მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. ანჩელოტი ერთადერთი სპეციალისტია, რომელსაც ევროპის ხუთივე ტოპ-ლიგა (იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი) მოგებული აქვს.


Facebook კომენტარები