თითქმის არ არსებობს ფეხბურთელი, ვინც ყველას უყვარს, ცოტაა ისეთი, ვინც ყველას მოსწონს, კიდევ უფრო ცოტაა ვისაც აღმერთებენ და მათ შორის სრულიად
განცალკევებული და ერთადერთია ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
ფეხბურთელი, რომელიც პეპ გვარდიოლასნაირ მწრთვნელს “უხერხემლო მშიშარას” სახელით მოიხსენიებდა, მოედანზე კარატისტივით იქნევდა ფეხებს და ხშირად ბურთის ნაცვლად სახეში მოწინააღმდეგეს არტყამდა, ხანაც მსაჯებს მათთვის გაუგებარ ენაზე აგინებდა, თანაგუნდელსაც სცემდა და გულშემატკივარსაც მთელი მონდომებით აღიზიანებდა ზლატან იბრაჰიმოვიჩია. როზენგარდელი თავხედი ბიჭი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის.
ზლატანს ბრწყინვალე საფეხბურთო უნარების გარდა ისეთი თვისებები გამოარჩევდა, რომლის გამოც მისი შეყვარება მარტივი არ იყო. თუმცა მჯერა, რომ ვინც მარტივად შეიძულა, მასაც ხშირად უჭირდა აღფრთოვანების დამალვა იბრას ტექნიკისა და ქარიზმის წინაშე. ალბათ დღეს, მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვის მოსმენისას ცრემლების შეკავებაც გაუჭირდათ.
ის არ ყოფილა არც მადლინი, არც ტოტი და არც პუიოლო, რომლებმაც მთელი კარიერა ერთ კლუბს მიუძღვნეს. ყველა კლუბში თავისი ინდივიდუალური სტილი მიჰქონდა და ნაკლებად ცდილობდა პირიქით, კლუბის წესებში ჩამჯდარიყო. ამის გამო აითვალწუნეს “ინტერის” ულტრასებმაც.
ტოპ 5 ლიგის თითქმის ყველა დიდ კლუბში ითამაშა, “აიაქსიდან” “იუვენტუსამდე”, “ინტერიდან” “ბარსელონამდე”, “პარი სენ-ჟერმენიდან” “მანჩესტერ იუნაიტედამდე”. ოკიანის მიღმა დაამხობილი რეკორდების შემდეგ კი, 38 წლის ასაკში უარი თქვა 100 მილიონიან შემოთავაზებაზე და მის ერთადერთ ჭეშმარიტ სიყვარულთან დაბრუნდა. დაუბრუნდა ადგილს, რომელსაც სახლი დაარქვა. დიახ, შვედმა “მილანს” ის სიტყვა უწოდა, რომლის დარქმევაც სხვა ადგილისთვის არასდროს გამარტივებია.
მივიდა გუნდში, რომელიც “ატალანტასთან” 0:5 დამარცხდა, ფსკერიდან ამოიყვანა, ლიგაზე დააბრუნა, 6 თვე ტრავმით და გაუსაძლისი ტკივილებით ითამაშა და “მილანს” 11 წლის შემდეგ მე-19 “სკუდეტო” მოაგებინა. უნდა ითქვას ისიც, იბრა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც “მილანის” მე-18 სკუდეტოც იზეიმა. შვედმა დაამტკიცა, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი რწმენა და იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც ემსახურები.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარი თავის რწმენის სიმბოლოდ იქცა, ის ყველას გვახსენებს, რომ ერთგულებით, შეუპოვრობით და ძლიერი ნებისყოფით ყველაფერი შესაძლებელია. ზლატანმა ის თვისებები გამოავლინა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან სხვა ფეხბურთელებს არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, ვერასდროს ვერავინ იქნება იბრა.
იბრამ ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე 570-მდე გოლი მიითვალა, გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც სერია ა-შ გაუტანია და კარიერაში 34 ტიტულს დაეუფლა. დასანანია, რომ ამ ტიტულების სიაში ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის თასი.
სამწუხაროდ, ლიგის თასს არ ერგო პატივი თავად ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხელში აღმოჩენილიყო.
თუმცა, მე მაინც მჯერა, რომ “მილანი” მალე ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და თასს იბრასთან ერთად აღმართავს. ის კი სულ ერთია, რა სტატუსი ექნება იბრას. “როსონერიმ” ლიგის თასი მას უნდა მიუძღვნას, რადგან ამ გზაზე კლუბი სწორედ შვედმა ლეგენდამ დააყენა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წარუშლელი კვალი დატოვა საფეხბურთო სამყაროზე, მან გაამდიდრა თამაში კრეატიულობის, ტექნიკური ბრწყინვალების, დომინირებისა და თავდაჯერებულობის უნიკალური ნაზავით. ზლატანმა გვაჩვენა, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ეს არის ხელოვნების ფორმა და როგორც ფუნჯით შეიარაღებული მხატვარი ტილოზე, ზლატანიც მოედანზე საკუთარი სხეულით შედევრებს ხატავდა. მან გვასწავლა, რომ ბურთის ყოველი შეხება, ყოველი დარტყმა, ყოველი გოლი შეიძლება ხელოვნების ნიმუშიად იქცეს. იბრა გვახსენებს, რომ ფეხბურთი სპორტია, რომელიც შთაგვაგონებს, ვნების სიმძაფრესაც განგვაცდევინებს და აშენებულით ტკბობასაც გვასწავლის.
ასეთი გამორჩეული და საკუთარი წესების მქონე, რომ არ ყოფილიყო, ვერ გახდებოდა დღევანდელი იბრა. იბრა, რომელიც 41 წლის ასაკში “სან-სირომ” ცრემლებით გააცილა.
იბრამ პროფესიონალური კარიერა დაასრულა. წავიდა და მჯერა, რომ მის გარეშე ფეხბურთი ისეთი ვეღარასდროს იქნება. იქნებიან უკეთესები, მაგრამ აღარსადროს იქნება ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
იბრამ საკუთარი კარიერის ოქროს წერტილი “მილანში”, მისი კარიერის მთავარ გუნდში დასვა. რაფა ლეაოს მისთვის მიძღვნილმა გოლმა და გამოხატულმა ორმხრივმა გრძნობებმა საღამო კიდევ უფრო გაალამაზა.
"სან-სიროს" პუბლიკამ კი, მისი დღევანდელი პერფორმანსით, კიდევ ერთხელ შემახსენა, რატომ მიყვარს ფეხბურთი და ჩემი კი არა, თავად ღმერთის ცრემლებიც დაიმსახურა.
80 ათასი გულმხურვალე გულშემატკივარი, 80 ათასი წყვილი ცრემლით სავსე თვალი, ატირებული სანდრო ტონალი და სევდანარევი სიამაყით სავსე მთელი "მილანი", სანახაობა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება და რომელიც იბრას სხვა არაჩვეულებრივ პერფორმანსებთან ერთად ყოველთვის ჩვენი მახსოვრობის ზედა თაროზე შეინახება.
მადლობა ჯადოსნურო სუპერგმირო, იბრაკადაბრა!
Forever your people, forever your home.