1 წლის და 3 თვის წინ
სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია წინასასეზონო მზადების დაწყებამდე
სტეფანო პიოლის პრესკონფერენცია წინასასეზონო მზადების დაწყებამდე

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ წინასასეზონო შეკრების პირველ დღეს გამართულ პრესკონფერენდიაზე რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. იტალიელმა განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება, კლუბის წარმატებულ მომავალზე.

"ყოველთვის ვგრძნობდი თავს ამ პროექტის ცენტრში, რადგან ჩართული ვიყავი სტრატეგიული გადაწყვეტილებების არჩევაში, გუნდის შექმნაში. ეჭვი არ მეპარება, გუნდს წარმატებული მომავალი ელის".

"მალდინისა და მასარასი ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. მათ მომცეს შანსი და გამომიცხადეს ნდობა. შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკუსიები იყო, მაგრამ  პატივისცემა არასოდეს გამქრალა. მათთან მეგობრობა არასდროს დასრულდება".

"ბოლო წლების მანძილზე დიდი სამუშაო გავწიეთ. სამწუხაროა, რომ მენეჯმენტში ცვლილებები მოხდა, თუმცა მთავარი ამოცანა ყოველთვის კლუბის კეთილდღეობაა. მე მაქვს შესაძლებლობა და ვალდებულება, გუნდი სათამაშო ასპექტში გავაუმჯობესო. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ".

"ბაზაზე დაბრუნება და ბიჭების ნახვა ძალიან კარგი გრძნობაა. უნდა ვეცადოთ, რომ სეზონის სტარტს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდეთ. მიზნები უცვლელია. "მილანი" ახალ სეზონს ტიტულების მოსაპოვებლად დაიწყებს".

"სატრანსფერო ფანჯარა? ჩემს ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებების დრო მოვიდა. ახლა კონკრეტულ პოზიციებზე საუბარი სწორი არ იქნება, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია. ზლატანი წავიდა, ფორვარდი გვჭირდება, თუმცა კონკრეტულ სახელებზე ახლა ვერ ვისაუბრებთ".

"აგრეთვე ვეძებთ მარჯვენა ვინგერს, რომელსაც ერთი ერთზე თამაში შეუძლია, და ნახევარმცველს, გამორჩეული მახასიათებლებით".

"ტონალის ტრანსფერი, ტექნიკური თვალსაზრისით, სერიოზული დანაკლისია და ჩვენ სანდროს შეცვლა სწორი კანდიდატით მოგვიწევს. ეს მისთვის კარგი შანსი იყო და რაიმეს შეცვლა რთული გახლდათ. ლოფტუს-ჩიკი და რომერო? ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და უნდათ, რომ გუნდს მაქსიმალურად დაეხმარნონ. ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, მოტივაცია ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია".

"ჩვენი მიზანი კონკრეტული პოზიციების გაძლიერებაა იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ჩვენს სქემას მოერგება. არ აქვს მნიშვნელობა, მივაგნებთ ასეთ ფეხბურთელებს იტალიაში, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ".

"დაგვაკლდება თუ არა ზლატანი? იბრამ გუნდის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ახლა გუნდში არიან ფიგურები, რომლებსაც ლიდერობის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ".

"ვინ იბრძოლებს სკუდეტოსთვის? გუნდები, რომლებსაც უკვე მივეჩვიეთ. წინ რთული და საინტერესო სეზონი გველოდება, ახლა ფავორიტებზე საუბარს აზრი არ აქვს, ყველაფერს სეზონის პირველი ნახევარი გვიჩვენებს", - ციტირებს პიოლის სიტყვებს ITASportPress.

შეგახსენებთ, რომ პიოლი "შავ-წითლებთან" 2019 წლის შემოდგომიდან მუშაობს. მისი გუნდი  2023/24 წლების სერია A-ს სეზონს 21 აგვისტოს "ბოლონიასთან" სტუმრად დაიწყებს. მანამდე კი რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს "რეალთან", "ბარსელონასთან", "იუვენტუსთან" და "მონცასთან".


Facebook კომენტარები