"მილანის" პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ლეაუმ Milan TV-სთან სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
მან "როსონერისთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მილანში დარჩენა მსურდა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მწვრთნელს, მენეჯერებს და თანაგუნდელებს არაერთხელ ვაცნობე. ახლა მოვიდა სწორი მომენტი და ჩვენ კონტრაქტი გავაოფიციალურეთ, ჩემი ისტორია მილანში გრძელდება.
4 წლის წინ, როდესაც მე მილანის ფეხბურთელი გავხდი, აქ ყველა ხელგაშლილი დამხვდა და რთულ მომენტებშიც კი, მე მათი მხრიდან მხარდაჭერა არასოდეს მომკლებია. მე აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ამ თავდაჯერებულობით კი ჩემი პოტენციალის გამოყენება და ბევრი გამარჯვების მოპოვება შემიძლია.
მილანში პირველი ორი სეზონი რთული გამოვიდა, მე კარგი სტატისტიკა არ მქონდა, თუმცა ახლა სულ სხვა ფეხბურთელი ვარ, ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, უკეთ ვაფასებ სიტუაციებს და ჩემი შესაძლებლობების უკეთ გამოყენება შემიძლია, რაც ჩემი თანაგუნდელებისა და მწვრთნელის დამსახურებაა.
ტიტულების მოგება მსურს. სკუდეტოს მოპოვება დაუვიწყარი ემოცია იყო, ამან გუნდის ამბიციურობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და ჩვენ კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ", - თქვა ლეაუმ.