ნოოფენი ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების სამკურნალო საშუალებაა, რომელიც საქართველოში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება ფენიბუტს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, კალციუმის სტეარატსა და კარტოფილის სახამებელს შეიცავს. ნოოფენი აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
როდის იყენებენ ნოოფენს?
როგორც აღვნიშნეთ, ნოოფენი გამოიყენება ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების დროს, რომელთაც შფოთვა, შიში, მღელვარება ახლავს თან. პრეპარატს ასევე მიმართავენ აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზითა და ფსიქოპათიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ.
ნოოფენი ბავშვებში ენაბლუობის, ტიკებისა (უნებლიე მოძრაობები) და ენურეზის (შარდის შეუკავებლობა) მკურნალობისას გამოიყენება. ხანდაზმულები კი პრეპარატს, ძირითადად, უძილობასა და ღამის შფოთვებთან საბრძოლველად იღებენ.
მედიკამენტი ეფექტიანია სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკისთვის, მათ შორის, ოპერაციების ან მტკივნეული დიაგნოსტიკური გამოკვლევების წინ.
კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, ნოოფენი ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის, ალკოჰოლური პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენება.
გარდა ამისა, პრეპარატს მიმართავენ მენიერის სინდრომისა და ვესტიბულური აპარატის ინფექციური გენეზის დისფუნქციის დროს, ასევე კინეტოზის პროფილაქტიკისთვის.
ნოოფენის დოზები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით
ვიდრე დოზებს განვსაზღვრავდეთ, უნდა იცოდეთ, რომ ნოოფენი პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება. იმისათვის, რომ ტაბლეტი ადვილად გადაყლაპოთ, შეგიძლიათ, მას მცირე რაოდენობით წყალი მიაყოლოთ. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის ჭამის შემდეგ მიღებაა რეკომენდებული. საჭიროების შემთხვევაში, დაშვებულია ტაბლეტის შუაზე გაყოფა.
რაც შეეხება დოზირებას, მოზრდილებში რეკომენდებული დოზა 250–500 მგ-ს შეადგენს, დღეში 3-ჯერ მისაღებად. შედეგის გათვალისწინებით, შესაძლებელია დოზის კორექცია და მისი 2.5 გ-მდე გაზრდა.
8 წლამდე ასაკის ბავშვებში დღეში 3-ჯერ 50-100 მგ-ის მიღებაა დასაშვები. 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში კი დღეში 3-ჯერ მისაღებად 250 მგ ინიშნება.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზები შემდეგნაირია:
● მოზრდილები - 750 მგ,
● 60 წლის ასაკიდან ზემოთ - 500 მგ,
● 8-14 წლის ასაკის ბავშვები - 300 მგ,
● 8 წლამდე ასაკის ბავშვები - 150 მგ.
ნოოფენით მკურნალობის კურსი 4-დან 6 კვირამდე გრძელდება.
ნოოფენის დოზები დაავადებების მიხედვით
ასაკობრივი კატეგორიის მსგავსად, ნოოფენის დოზები განსხვავებულია დაავადებების მიხედვითაც. მათ შორის:
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირებისთვის პაციენტებს მკურნალობის პირველ დღეებში 250-500 მგ ფენიბუტს დღის განმავლობაში 3-ჯერ მისაღებად უნიშნავენ, ღამით კი - 750 მგ-ს. სადღეღამისო დოზა, შედეგის შესაბამისად, თანდათანობითი უნდა შემცირდეს და მოზრდილებისთვის ჩვეულებრივ დოზას მიაღწიოს.
მენიერის სინდრომისა და თავბრუსხვევის დროს, რომელიც ვესტიბულური აპარატის ინფექციური გენეზის დისფუნქციით (ოტოგენური ლაბირინთიტი) არის გამოწვეული, გამწვავების პერიოდში რეკომენდებულია 750 მგ ნოოფენი 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობა 5-7 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
ვესტიბულური დარღვევების შემსუბუქებისას დოზა მცირდება 250-500 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. აღნიშნული დოზირებით პრეპარატი ამ შემთხვევაშიც 5-7 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. ამის შემდეგ კი, დოზა ჩამოდის - 250 მგ-მდე ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში.
დაავადებების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას რეკომენდებული 250 მგ ფენიბუტის 2-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში მიღება, შემდეგ კი უნდა გადახვიდეთ 250 მგ-ზე ერთხელ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
თავბრუსხვევის დროს, თუ ის ვესტიბულური აპარატის ტრავმული ან სისხლძარღვოვანი გენეზის დისფუნქციამ გამოიწვია, ინიშნება 250 მგ ნოოფენი 3-ჯერ დღეში. მკურნალობა, ჩვეულებრივ, 12 დღის განმავლობაში გრძელდება.
ზღვის დაავადების შემთხვევაში კინეტოზის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 250-500 მგ ნოოფენის გამოყენება. პრეპარატი ერთჯერადად, მგზავრობის დაწყებამდე 1 საათით ადრე ან პირველი სიმპტომების გამოვლენისას უნდა მიიღოთ. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო იზრდება პრეპარატის დოზა, კინეტოზის საწინააღმდეგო მოქმედება უფრო ძლიერდება.
აღსანიშნავია, რომ ზღვის დაავადების გამოხატული სიმპტომების (ღებინება და სხვა) განვითარებისას პრეპარატის მიღება ნაკლებად ეფექტიანია, თუნდაც დოზა 750-1000 მგ-მდე გაზარდოთ.
რაც შეეხება საჰაერო ტრანსპორტით გამოწვეული კინეტოზის პროფილაქტიკას, ასეთ დროს რეკომენდებულია 250-500 მგ ნოოფენის ერთჯერადად გამოყენება. პრეპარატი ამ შემთხვევაშიც მგზავრობის დაწებამდე 1 საათით ადრე უნდა მიიღოთ.
თუ ნოოფენის მორიგ დოზას გამოტოვებთ, მკურნალობა ადრე დანიშნული დოზით უნდა გააგრძელოთ, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე.