9 თვის და 3 კვირის წინ
რატომ არის ტონალის წასვლა ცუდი ფეხბურთისთვის?
რატომ არის ტონალის წასვლა ცუდი ფეხბურთისთვის?

მილანმა სანდრო ტონალი გაყიდა. აი, ზუსტად ასე - ტონალი კი არ წავიდა, მილანმა გაყიდა. ტონალი ბავშვობიდან მილანისტა იყო, კლუბის გამო ხელფასის დაკლებაზეც წასულა და უკეთეს შემოთავაზებებზეც უარი უთქვამს. ის უნდა ყოფილიყო მილანის შემდეგი კაპიტანი - გარდა იმისა, რომ მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელია.

ტონალის გაყიდვა მომავლის და ამბიციის გაყიდვაა. სანდროს მილანიდან წასვლა ისევ არ სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ღიად უთხრა, რომ ამ ფასად მისი გაყიდვა კლუბისთვის ძალიან კარგი იდეა იყო. არადა, მილანს ფინანსები ასე კრიზისულად ნამდვილად არ უჭირს - დაბალი სახელფასო ფონდი აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და წელსაც ამ ტურნირში ნახევარფინალამდე მიაღწია, რაც დაახლოებით 100 მილიონამდე დამატებით შემოსავალს ნიშნავს. მილანის განვითარების ვექტორი მალდინის და ტონალის წასვლით აშკარად შეიცვალა. პრიორიტეტი ფულის კეთებაა და სპორტული ამბიცია მეორე პლანზე გადადის.

ეს ტრანსფერი ზოგადად ცუდია ფეხბურთისთვის. სად წავიდა ტონალი?! ის რომ სადმე ლივერპულში ან რეალში წასულიყო, არავის გაუკვირდებოდა და ეწყინებოდა. მაგრამ ნიუკასლი?! პრემიერლიგის მასშტაბითაც კი ტრადიციული, თუმცა მაინც პროვინციული კლუბი, სადღაც ბრიტანეთის ჩრდილოეთში, 300-ათასიანი ქალაქიდან, მფლობელებით საუდის არაბეთიდან. ნიუკასლს უხდებოდა ალან შირერი და პიტერ ბერდსლი, მაგრამ სანდრო ტონალი?!

ის, რომ მილანის ლიდერს და მის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ნიუკასლის საუდელები ყიდულობენ, ნამდვილად ძალიან ცუდია ფეხბურთისთვის. ეს მილანის უამბიციობა და დამცირებაც არის, სერია A-ს პერიფერიულ ტურნირად ქცევაც, როცა პრემიერლიგის არაგრანდებსაც კი შენი ლიდერების იოლად წაყვანა შეუძლიათ და, ზოგადად, ფეხბურთის ფასეულობებსაც ღალატობს.

მაგარი ბიჭები მილანიდან ნიუკასლში არ მიდიან - არასწორი გზაა. ეს იმას ნიშნავს, რომ საუდელების ფული და ზოგადად ფული ბოლომდე ყიდულობს ამ თამაშის პრინციპებს. სულ 20 წლის წინ ტოტის, დელ პიეროს და მალდინის მაგალითი იყო. ფული მაშინაც ყველაფერს ყიდულობდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც. ახლა ყველაფერს ყიდულობს, თან რეალის და ბარსელონას და თუნდაც სიტის ფული კი არა, ანუ ფულთან ერთად სახელი, კლასი და ამბიცია, არამედ მხოლოდ ფული ამ კონტექსტის გარეშე.

ტონალის წასვლა ბევრ ცუდ რამეს ნიშნავს - მილანისთვისაც, თავად ტონალისთვისაც და მთლიანად ფეხბურთისთვის. ცუდი დრო მოდის... 

ავტორი: გიორგი უგულავა

წყარო: europop.ge


Facebook კომენტარები