
ჩვენი საიტის ერთგულო მეგობრებო. ACMILAN.GE-ზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. შეიცვალა საიტის ძრავი, განახლდა დიზაინი, ფუნქციონალი სრულად შეესაბამება მომხმარებლების ინტერესს.
საიტი კომპანია "ბლიცის" დაქვემდებარებაში გადავიდა, რომელიც ახალ, უნიკალურ პლატფორმას გვთავაზობს. "ბლიცი" ამ ეტაპზე საქართველოში ევროპული გუნდების რამდენიმე ფანკლუბს აერთიანებს და სამომავლოდ ახალ პროექტებს და ბევრ ინოვაციას დანერგავს ქართულ ბაზარზე.
ვებგვერდის დიზაინი აბსოლუტურადაა ადაპტირებული ყველა მოწყობილობასთან, ყველა ზომის ეკრანთან, საიდანაც შეიძლება მომხმარებელი შემოვიდეს, გაეცნოს სიახლეებს და ჩაერთოს დისკუსიაში. გამარტივდა მომხმარებლის რეგისტრაციისა და კომენტარის დაწერის ფუნქციაც, რაც ვებგვერდს გაცილებით უფრო ინტერაქციულს გახდის.
სამწუხაროდ, საჭირო გახდა ვებგვერდის ძველი ბაზის წაშლა, შესაბამისად წაიშალა აქამდე დარეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში. სწორედ ამიტომ თავიდან მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა. აღნიშნული დისკომფორტისთვის ადმინისტრაცია დიდ ბოდიშს გიხდით.
"მილანის" ცუდი დროების მიუხედავად, ვიმედოვნებთ, ACMILAN.GE-ზე კვლავ შენარჩუნდება ის ჯანსაღი გარემო, რომელიც ჩვენს ვებგვერდს მუდამ ახასიათებდა. საიტი იდგა, დგას და მუდამ იდგება თავის ერთგულ მომხამრებლებზე. ვეცდებით, თქვენი იმედების გამართლებას და "მილანის" შესახებ ყველა ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში საიტი სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო არხების საშუალებით.
პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია!