
"მილანისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაში, შეხვედრის მთავარი მსაჯი მასიმილიანო ირატი იტალიური მედიის მხრიდან კრიტიკის მსხვერპლი გახდა, რადგან სამი საკვანძო შეცდომა დაუშვა. ორი "ბიანკონერის", ხოლო ერთიც "როსონერის" სასარგებლოდ.
პირველი დავიდე კალაბრიას გოლის მომენტში, სადაც ნახევარდაცვის ცენტრში ჰაკან ჩალჰანოღლუმ ადრიენ რაბიოს ბურთი თამაშის წესების დარღვევით აართვა და შეტევა წამოიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტს ყურადღება არც ორსატომ მიაქცია, რომელიც ვარის ოთახში იმყოფებოდა.
მეორე შეცდომა 70-ე წუთზე დაუშვა, სადაც სამუ კასტილეხო კონტრშეტევას იწყებდა და როდრიგო ბენტაკურმა მის წინააღმდეგ თამაშის წესები მკაცრად დაარღვია. ურუგვაელ ნახევარმცველს უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი და ირატის გადაწყვეტილებით გაძევებას გადაურჩა.
ბოლო შეცდომა კი ტურინელთა საჯარიმოში დაუშვა, როდესაც რაბიომ დიასის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა ამჯერადაც მასიმილიანოს სასტვენი დუმდა. ამ მომენტზე არც ვარის მეშვეობით გამახვილდა ყურადღება.