



სტეფანო პიოლიმ "იუვენტუსთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:
"მე ველოდები იუვეს, რომელიც თამაშიდან თამაშამდე ვითარდება. მათ სეზონის სტარტზე ახალი გზა აირჩიეს და გასაკვირი არ არის, რომ პროცესში ქულების დაკარგვა მოუწიათ, თუმცა ისინი ყოველთვის რთული მეტოქენი იყვნენ და არაფერი შეცვლილა. წინ რთული მატჩი გველოდება, "იუვენტუსი" ძლიერია, თუმცა ასევე, "მილანიც" და ჩვენ მზად ვართ.
ძალიან ბევრი მაჩვენებელია, რაშიც გამორჩეული შედეგი გვაქვს, თუმცა ყველაზე მთავარი ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგია და ხვალ გამარჯვებას ვაპირებთ.
"მილანი" – "იუვენტუსი" ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ეს ყველამ იცის, თუმცა სეზონის დასრულებამდე ბევრი ტურია დარჩენილი და ეს მატჩი გადამწყვეტი არ იქნება.
იბრა თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ ხვალ თამაშს ვერ მოახერხებს. ლეაო სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა მას იბრას მახასიათებლები არ აქვს.
ყველა შეხვედრაში ჩვენ ვცდილობთ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე უმაღლესი დონის გუნდია და თუ წარმატების მიღწევა გვსურს, მაქსიმალურად კარგი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს.
თუ ჩვენ თამაშს ფრეზე ფიქრით დავიწყებთ, ეს მატჩის წაგების ტოლფასი იქნება. ხვალ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ და გამარჯვებას შევეცადოთ. მინდა, რომ მატჩის ბოლოს თავაწეული მილანი დავინახო, რომელიც მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯა.
თითოეული შეხვედრისთვის მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი დააფიქსირეს ჩვენმა კონკურენტებმა.
ჯერჯერობით ეს ასეა. ყველაზე ბევრი ქულა მოვაგროვეთ და კიაერმა სწორედ ეს იგულისხმა. სერია ა-ში ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია და ყველაზე ძლიერის წოდებისთვის დაუღალავი შრომა და ბრძოლა მოგვიწევს.
მე გუნდის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო თემებზე უკვე ვისაუბრე და ვიცი, რომ თუ ამის შანსი იქნება, გუნდი აუცილებლად გაძლიერდება. კონკრეტულ ფეხბურთელებზე კი ვერაფერს გეტყვით.
ჩვენი შემადგენლობიდან ტრანსფერზე დაყენებული არავინ არის. კონტი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მისი იმედი გვაქვს.
მთავარი მიზანია, რომ განვითარება გავაგრძელოთ და ინტენსიურობისა თუ ხარისხის მხრივ ახალ სიმაღლეებზე ავიდეთ. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება", - განაცხადა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
კიაერი, დიასი
კალაბრია