logo

“მილანის” სიმბოლური გუნდი 21-ე საუკუნეში Acmilan.Ge - ის მიხედვით

“მილანის” სიმბოლური გუნდი 21-ე საუკუნეში Acmilan.Ge - ის მიხედვით

21-ე საუკუნის პირველი ნაწილი "მილანისთვის" განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. 

2010 წლამდე "როსონერიმ" 2-ჯერ მოახერხა უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება, ერთხელ დაეუფლა სკუდეტოს, 2-ჯერ უეფას სუპერ თასი დაისაკუთრა, ხოლო თითოჯერ იტალიის სუპერ თასის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა და კოპა იტალიას მფლობელი გახდა.

საუკუნის მეორე ათწლეული "მილანისთვის" უფრო მეტად პრობლემებთან იყო ასოცირებული, ფეხბურთელთა ხარისხიც არ შეესაბამებოდა "როსონერის" გულშემატკივრების მოთხოვნებს. შესაბამისად გუნდმა მხოლოდ 3 ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის არცერთი იყო ევროპული.

ამ 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ ათწლეულში, "მილანის" რიგებში უამრავი ძლიერი მოთამაშე თამაშობდა. ორმა მათგანმა, შევჩენკომ და კაკამ კი სულაც ოქროს ბურთის მოგება მოახერხეს.

Acmilan.Ge - ის ადმინისტრაციამ გადახედა განვლილ 20 წელიწადს და "როსონერიში" მოთამაშე ფეხბურთელებისგან ყველაზე ძლიერები შეარჩია. შესაბამისად, შევქმენით სიმბოლური გუნდი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა.

ამ პოზიციაზე მეორე ვარიანტიც იყო, ბრაზილიელი დიდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "როსონერის" 2 ტრიუმფში. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელს არასტაბილურობაც ახასიათებდა, ხშირად მისი ნდობა არ შეიძლებოდა. ამიტომ, არჩევანი დონარუმაზე შევაჩერეთ, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად, სტაბილურობას არ კარგავს. 

"მილანის" დაცვის ხაზის თამაშის ხარისხი ჯანლუიჯის ეპოქაში იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს დიდას დროს იყო. ჯიჯოს ამჟამად არაერთი მსურველი ჰყავს, მის პოტენციალს ევროპის ბევრი გრანდი სათანადოდ აფასებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისთვის ნამდვილი სატრანსფერო ომია გაჩაღებული.

მცველები: კაფუ, ალესანდრო ნესტა, ტიაგო სილვა, პაოლო მალდინი.

ნესტასა და მალდინიზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება საჭირო არაა. ნესტა და მალდინი ისტორიაში ერთ-ერთ საუკუეთესო, თუ არა საუკეთესო დაცვით დუეტად მიიჩნევა. მათ იტალიურ ფეხბურთში დიდი ეპოქა შექმნეს, რომლის მსგავსის გამეორება ნებისმიერ დაცვით ორუელს გაუჭირდება. 

კაფუ, თავის მხრივ, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად მიიჩნევა. ბრაზილიელი "როსონერიში" 2003-2008 წლებში თამაშობდა. მისი პირველი წლები "მილანში" განსაკუთრებით წარმატებული იყო, მეორე ნახევარში კი ასაკმა და ტრავმებმა თავისი ქნეა, კაფუ მოედანზე ხშირად გასვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ როცა თამაშობდა, მისი კლასის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი იყო.

ტიაგო სილვა ახალი თაობის "როსონერის" ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. 2011 წლის იტალიური ტრიუმფის დროს იგი გუნდის ხერხემალი იყო. სტაბილურობა, გამძლეობა, სიმტკიცე მას მსოფლიოს საუკეთესო მცველებს შორის აყენებდა და ბევრი საერთოდაც უძლიერეს დაცვითი ფუნქციების ფეხბურთელად თვლიდა. ასევე მას ჰქონდა უნარი შეტევაში საკუთარი გუნდისთვის დიდი წარმატება მოეტანა.

ნახევარმცველები: ჯენარო გატუზო, კლარენს ზეედორფი, ანდრეა პირლო.

ჯენარო გატუზო თავისი დავალებების იდეალურად შემსრულებელი ფეხბურთელი იყო. რინო სრულიად დამსახურებულად ითვლება 21-ე საუკუნეში ევროპის გამორჩეულ საყრდენ ნახევარმცველად. ძალიან რთული იყო მისთვის პოზიცია მოგეგო, ეს ნებისმიერ მაღალი დონის შემტევს უჭირდა. გატუზომ "მილანში" თავისი ხასიათის გამოც დიდი კვალი დატოვა და გულშემატკივარს განსაკუთრებულად დღემდე უყვარს.

კლარენს ზეედორფი - ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო გამოეყენებინა მთავარ მწვრთნელს. მისი ნდობა მუდამ შეიძლებოდა და რთულია გაიხსენო შემთხვევა, როცა ზეემ თანაგუნდელები დააღალატა. ნიდერლანდელმა "მილანში" 10 წელი გაატარა, სერია ა-ში ზუსტად 300 თამაში ჩაატარა და გუნდის ყველა დიდ ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანა. 

ანდრეა პირლო - მაესტრო. აქაც ზედმეტი კომენტარის გაკეთება საჭირო არაა. ანდრეა იტალიური ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენელია და თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში. ბევრ გულშემატკივარს პირლოს "მილანიდან" "იუვენტუსში" გადასვლაზე დღემდე წყდება გული და რთულია მათ არ გაუგო.

შემტევები: რიკარდო კაკა, ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი

რიკარდო კაკა 2007 წლის ოქროს ბურთის მფლობელია. ის ბოლო იყო მესისა და რონალდოს 10 წლიან ეპოქამდე, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვება მოახერხა. ქარიშხალი, ცუნამი მცველებისთვის. კაკას ინტელექტი და ამ ინტელექტის მის ტექნიკასთან სიმბიოზი სრულიად წარმოუდგენელი იყო. 

ანდრეი შევჩენკო - აქაც ყველაფერი ნათელია. უკრაინელმა "მილანში" 7 წელი გაატარა და ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად სამუდამოდ დარჩება. 2004 წელს შევამ ოქროს ბურთი მოიგო, ყველა ტურნირზე 174 გოლი შეაგდო. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკეთესო ფეხბურთელი აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩზე კამათი შეიძლება. ჩვენი გუნდის წევრებს შორის გაიყო ხმები მასა და პიპო ინძაგის შორის, თუმცა თავის დროზე იბრაჰიმოვიჩი უფრო მეტად იყო წამყვანი ფორვარდი გუნდისთვის, ვიდრე ინძაგი. შვედმა 2011 წელს, სერია ა-ს მოგებაში უიდესი წვლილი შეიტანა. ახლაც, 2020 წელს მისი დაბრუნება გუნდისთვის შვებასავით აღმოჩნდა და 38 წლის ზლატანიც მოედანზე ჩანს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.

6 თვის წინ
1506 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 127
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ