Image

"მილანის" ისტორია (I ნაწილი)



"ჩვენი ფერები იქნება წითელი, რადგან ჩვენ ვართ ეშმაკები და შავი, როგორც შიში, რომელსაც ჩვენ გამოვიწვევთ მოწინააღმდეგეებში", - ჰერბერტ კიპლინი, 1899 წელი.


დაარსება


მილანში საფეხბურთო კლუბის დაარსების შესახებ ინფორმაცია 1899 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „გაძეტა დელო სპორტის“ საშუალებით გავრცელდა. გაზეთის საარქივო მასალების მიხედვით, ინიციატივა სამი ადამიანისგან მოდიოდა მილანში ბრიტანული სამკერვალო ფაბრიკის მუშა ჰერბერტ კილპინისგან, ასევე ბრიტანული ტურისტული სააგენტოს თანამშრომელ ელისონისგან და მეწაღე დევისისგან. იმ პერიოდში იტალიაში ფეხბურთის პოპულარიზაციას სწორედ ინგლისელები ეწეოდნენ.

გაზეთში გამოქვეყენებულ ცნობას მილანში მოღვაწე საქმოსნები ნათანი, ბარნეტი და ედვარდსი გამოეხმაურნენ. ეს უკანასკნელი მოგვიანებით „მილანის“ პრეზიდენტად აირჩიეს. 1900 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მილანური კლუბი დაარეგისტრირა სახელწოდებით „მილანის“ კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“. გუნდში ბრიტანელების სიჭარბის გამო სახელწოდებაში მილანი ეწერა ინგლისურად Milan და არა იტალიურად Milano. კლუბის ოფიცილური დასახელება რამდენჯერმე შეიცვალა. „მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“ გახდა „მილანის საფეხბურთო კლუბი“, „ბოლოს კი საფეხბურთო ასოციაცია „მილანი“ დაერქვა, რაც იტალიურად ასე იწერება - Associazione Calcio Milan (AC MILAN).

კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი ფინანსურ სარგებელზე გააკეთა — „მილანში“ ვარჯიშის და თამაშის მსურველებს წლიურად 20 ლირა უნდა გადაეხადათ, ვინც გადასახდს არ გადაიხდიდა, კლუბს მაშინვე ტოვებდა.

პირველი ტიტულები

1900 წლის 11 მარტს „მილანმა“ პირველი არაოფიციალური მატჩი მეორე მილანურ კლუბ „მედიოლანუმთან“ ჩაატარა. იმ დროს „როსონერის“ შემადგენლობაში იყვნენ: ჰუდი, კანიაჯი, ტორეტა, ლეესი, კილპინი, ვალერიო, დუბინი, დევისი, ნევილი, ელისონი, ფორმენტი. "მილანმა" თამაში 3:0 მოიგო. სერია A-ში დებიუტი 1900 წლის 15 აპრილს „ტორინეზესთან“ შედგა. პირველი ოფიციალური მატჩი „მილანმა“ 0:3 წააგო, თუმცა მეორე წელს "როსონერიმ" იტალიის ჩემპიონატის პირველი ისტორიული დაპირისპირება ტურინის „იუვენტუსთან“ - „მილანმა“ 3:2 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც წინა წლის ჩემპიონი „ჯენოა“ დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი პირველად გახდა.

ორი წლის შემდეგ „მილანი“ სკუდეტოსთვის გადამწყვეტ მატჩში ისევ „ჯენოას“ შეხვდა და იმის მიუხედავად, რომ 2:0 დამარცხდა, ცხადი იყო - გუნდი მალე სერიოზულ წარმატებებს მიაღწევდა. იმ სეზონში გუნდმა სამი არაოფიციალური ტიტული მოიგო: ალექსანდრიის ტურნირი, სან მარკოსა და ნავარას თასი.

1906 წელს „მილანი“ ჯერ ლომბარდიის თასს დაეუფლა, შემდეგ კი ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც „იუვენტუსს“ შეხვდა. პირველი მატჩი ფრედ დამთავრდა, მეორე შეხვდრაში კი მასპინძელმა მილანელებმა 2:0 მოიგეს და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლნენ.

„როსონერიმ“ ტიტული მომდევნო სეზონშიც დაიცვა. ამ პერიოდისთვის ჩემპიონატის ფორმატი უკვე შეცვლილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე „მილანეზე“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა.

გუნდის გაყოფა და შვედების ეპოქა

მომდევნო წლიდან „მილანი“ ჩემპიონატიდან მოკვეთეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კლუბებს უცხოელი მოთამაშეების განაცხადში შეყვანა აეკრძალათ. იმის გამო, რომ „მილანში“ ძირითადად სხვა ეროვნების ფეხბურთელები თამაშობდნენ, გუნდი ჩემპიონატის მიღმა დარჩა. აკრძალვა მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა, თუმცა „მილანზე“ დიდი გავლენა მოახდინა. ლეგიონერებმა „როსონერი“ დატოვეს და ახალი კლუბი, ინტერნაციონალე, შემოკლებით „ინტერი“, ჩამოაყალიბეს. 1908 წლის 9 მარტს დაარსებული გუნდის კაპიტნად ექსმილანელი შვეიცარიელი ერნსტ მანკტლი აირჩიეს.

40-იანი წლების მიწურულს „როსონერის“ მაისური ერთი წლის ინტერვალით შვედეთის ნაკრების ლიდერებმა მოირგეს - გუნარ ნორდალის, გუნარ გრენისა და ნილს ლიდჰოლმის მოსვლით „მილანში“ ახალი ერა დაიწყო. მთავარ მწვრთნელად უნგრელი ლაიოშ ჩეირი დაინიშნა. მან შვედეთში 12 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში პატარა ნორჩეპინგი 5 გახადა ჩემპიონი.

შვედური სამეული, გრე-ნო-ლი, გუნდს შესანიშნავად მოერგო. ნორდალი გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე, ხოლო გრენი და ლიდჰოლმი მის უკან მოქმედებდნენ. 1949–1950 წლების სეზონში „მილანი“ „იუვენტუსს“ კუდში მისდევდა, 23-ე ტურში კი ბებერი ქალბატონი მისავე მოედანზე 7:1 დაამარცხა. საერთო ჯამში 38 მატჩში 118 გოლი გაიტანეს, თუმცა მაინც მეორე ადგილზე გავიდნენ.

იმ სეზონში „მილანმა“ და ნორდალმა ორი რეკორდი დაამყარეს. კლუბმა სერია ა-ში ყველაზე მეტი 118 გოლი გაიტანა, შვედმა ფორვარდმა კი 35 ბურთით ბომბარდირის ტიტული არავის დაუთმო. 1950-1951 წლებში „მილანმა“ როგორც იქნა ჩემპიონატი მოიგო. ამ სეზონში ნორდალიც ზედიზედ მეორედ გახდა სერია ა-ს ბომბარდირი.

1954 წელს მულტიმილიონერმა ანდრეა რიცოლი კლუბის პრეზიდენტად დაინიშნა, დიდი ფული დააბანდა კლუბში და ძლიერი ფეხბურთელებიც შეიძინა - ტრიესტრიდან ახალგაზრდა მცველი ჩეზარე მალდინი, პენიაროლიდან ურუგვაელი, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხუან სკიაფინო გადმოიყვანა.

შედეგმაც არ დააყოვნა – 1955, 1957 და 1959 წლებში სკუდეტო მოიგო, 1956 წელს კი მეორედ აღმართა ლათინთა თასი, ნახევარფინალში ლისაბონის "ბენფიკა" 4:2 სძლია, ფინალში კი ბილბაოს "ატლეტიკი" 3:1 დაამარცხა.

"მილანი" 1958 წელს პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. იტალიელები ორჯერ იგებდნენ თამაშს, სკიაფინომ 59-ე წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ გრილიომ დააწინაურა იტალიური კლუბი, თუმცა გამოცდილებამ თავისი გაიტანა - ჯერ ექტორ რიალმა გაათანაბრა, დამატებით დროში კი ფრანსისკო ხენტომ გამარჯვება მოუტანა გუნდს.

პირველი ევროპული თასები

60-იანი წლების დასაწყისში გუნდი ნერიო როკომ ჩაიბარა. იმ პერიოდში გუნდში მოვიდნენ ბარზილიელი ფორვარდი ჟოზე ალტაფინი და იტალიური ფეხბურთის ”ოქროს ბიჭი” ჯანი რივერა. მისი შეძენა კლუბს 200 000 დოლარი დაუჯდა, რაც სარეკორდო თანხა იყო იმ დროისთვის.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "მილანმა" პირველივე წელს მოიგო სერია ა. მომდევნო სეზონში კი "როსონერი" ჩემპიონთა თასს დაეუფლა. გადამწყვეტ შეხვედრაში როკოს გუნდმა ორგზის გამარჯვებული ლისაბონის "ბენფიკა" უემბლის სტადიონზე 2:1 დაამარცხა.

საკონტინენტაშორისო თასისთვის "მილანი" ბრაზილიის "სანტოსს" დაუპირისპირდა, რომელშიც პელე ბრწყინავდა. 1963 წელს იტალიელებმა სამხრეთამერიკელებს შინ 4:2 სძლიეს. ამავე ანგარიშით უკვე რიო დე ჟანეიროში "სანტოსმა" მოიგო. მესამე და გადამწყვეტ მატჩში ბრაზილილელებმა 1:0 მოიგეს.

1967 წელს "მილანმა" პირველად მოიგო იტალიის თასი - ფინალში "პადოვა" 1:0 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ კი უკვე დუბლი შეასრულა, ჯერ სერია ა მოიგო, შემდეგ კი თასების მფლობელთა თასი, რომელიც მეორე ევროპული თასი იყო კლუბის ისტორიაში. ფინალში "ჰამბურგი" დაამარცხა 2:0. ორივე გოლი კნუტ ჰამრინმა გაიტანა.

მომდევნო სეზონი ტრიუმფალური აღმოჩნდა "როსონერისთვის". როკოს გუნდმა ჩემპიონთა თასი კიდევ ერთხელ მოიგო. ფინალში მილანელებმა ამსტერდამის "აიაქსი" 4:1 გაანადგურეს. ბერნაბეუზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში პრატიმ ჰეთთრიკი შეასრულა.

კონფლიქტი რივერასთან და დაქვეითება სერია ბ-ში

1972 წელს "როსონერის" პრეზიდენტი ალბინო ბუტიკი გახდა. მისი მოღვაწეობა ყველაზე სკანდალური გამოდგა. მას ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ჯანი რივერასთან, რომელსაც გულშემატკივრები აღმერთებდნენ.

იმავე პერიოდში გუნდიდან წავიდნენ ჯოვანი ტრაპატონი,შნელინგერი, სოპრმანი, პრატი. ჯანი რივერა კი 1974 წელს ტრანსფერზე დააყენეს. თუმცა, ვეტერანი ფეხბურთელის წაყვანა არავინ ისურვა. ნელნელა ფეხბურთელსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და საქმე სასამართლომდე მივიდა. ბუტიკი დამარცხდა და თანამდებობა დატოვა. "მილანმა" იტალიის თასი 1977 წელს მეოთხედ მოიგო, ფინალში "ინტერი" დაამარცხა. 1979 წელს კი სკუდეტო მოიგო. იმ წელს ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ჯანი რივერამ.

გულშემატკივრების რისხვა 1979-1980 წლების სეზონში გაიზარდა, მაშინ "როსონერი" ჩემპიონთა თასს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას. "პორტუსთან" ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა. სეზონის ბოლოს კი "მილანი" დიდ სკანდალში გაეხვა - გარიგებულ მატჩებში დასდეს ბარალი.

იტალიელმა სამართალდამცავებმა სეზონის უკანასკნელი ტურის შემდეგ "ლაციოს", "აველინოს", "ბოლონიას", "იუვენტუსის", "ნაპოლის", "ჯენოას", "პერუჯას" და "მილანის" ათეულობით ფეხბურთელი დააკავეს. ყველაზე მეტად "მილანი" დაზარალდა - ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი გუნდი, რომელიც უცვლელას ასპარეზობდა იტალიის უმაღლეს ლიგაში, სერია ბ-ში დააქვეითეს.

კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. გუნდის ხელმძღვანელობამ კი აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა. ფრანკო ბარეზიმ, მაურო ტასოტიმ და სხვებმა სერია ბ მოიგეს და "მილანი" კვლავ ელიტაში დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ ერთი წლით. 16 გუნდიან ჩემპიონატში "როსონერიმ" მე-14 ადგილი დაიკავა და კვლავ ქვედა ლიგაში გავარდა.

გაკოტრებული "მილანი" და ხსნა – ბერლუსკონი

1982-1983 წლებში "მილანმა" სერია ბ კიდევ ერთხელ მოიგო და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. თუმცა "როსონერის" პრობლემები ამით არ დამთავრებულა, 1985 წელს კლუბის პრეზიდენტი ჯუზეპე ფარინა სამხრეთ აფრიკაში გაიქცა. იტალიელმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 1982 წლიდან გაქცევამდე სანამ კლუბს მართავდა, თანხებს სხვადასხვა საეჭვო ფირმების ანგარიშებზე რიცხავდა.

"მილანის" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როსარიო ლო ვერდემ 1986 წლის 15 იანვარს საგანგებო რესკონფერენცია გამართა და განაცხდა, რომ კლუბი გაკოტრებულია და აქციონერთა საბჭო მზადაა ნებისმიერი შემოთავაზება განიხილოს.

თებერვლის დასაწყიში "მილანის" შეძენის სურვილი ბიზნესმენმა დარიო არმანიმ გამოთქვა. თუმცა მალე კლუბის მესვეურებმა განაცხადეს, რომ 8 მილიარდი ლირის სანაცვლოდ აქციათა ძირითადი პაკეტი კომპანია ”ფინინვესტს” გადაეცა. მარტში მილანის თეატრ ”მონცონიში” კლუბის ახალი ხელმძღვანელების ინაუგურაცია შედგა. გულშემატკივრებმა სწორედ მაშინ გაიცნეს "როსონერის" ახალი პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი და ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი.

პირველივე პრესკონფერენციაზე სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ "მილანი" მისი ბავშვობის საყვარელი გუნდი იყო: ”დღეს ჩვენ საშუალო დონის გუნდად ვითვლებით, მე კი მინდა, რომ მალე მხოლოდ იტალიაში კი არა მთელ მსოფლიოში პირველები ვიყოთ”.

ბერლუსკონიმ პრაქტიკული ნაბიჯები მალევე გადადგა, მან გუნდი შესანიშნავი ტრანსფერებით გააძლიერა. ახალი სეზონის დაწყებისთანავე შვედი მწვრთნელის ნილს ლიდჰოლმის გაშვებაზე ალაპარკდნენ, პრეზიდენტს შედეგები არ აკმაყოფილებდა, თუმცა სკანდინავიელმა პოსტი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა, მხოლოდ იმიტომ რომ კლუბმა უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

სილვიო ბერლუსკონიმ მსოფლიო 1987 წელს აალაპარაკა, მაშინ ტელემაგნატმა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის თანხა 40 მილიარდი ლირა (21 მილიონი დოლარი) ტრანსფერებში დახარჯა. შავ-წითლი მაისური ჰოლანდიელმა სამეულმა მოირგო: მარკო ვან ბასტენმა, რუუდ გულიტმა და მცველმა ფრენკ რაიკარდმა. მათ გარდა გუნდში მოვიდნენ კარლო ანჩელოტი, კოლომბო, ბიანკი, ბორტოლაცი, მუსი, "მილანის" ახალგაზრდული გუნდიდან გადმოიყვანეს პაოლო მალდინი.

საკის ერა

სილვიო ბერლუსკონიმ მწვრთნელიც ახალი მოიყვანა, "პარმადან" გადმოიბირა იმ დროისთვის სრულიად უცნობი სპეცილისტი არიგო საკი, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა „მილანის“ ისტორიაში.

ახალ მწვრთნელს დიდი მიზნები დაუსახეს - მაქსიმუმ ორ სეზონში "მილანი" იტალიის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. ბერლუსკონი დიდ თანხებს დაპირდა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, თუმცა პრემიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სკუდეტოს მოიგებდნენ.

არიგო საკი გუნდს ბრწყინვალე ტაქტიკური ელემენტებით გაჯერებულ შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა. საბოლოოდ მან გეგმა ”გადაჭარბებით” შესრულდა - სადებიუტო 1987–1988 წლების სეზონში "მილანმა" სერია ა მეთერთმეტედ მოიგო. მაშინ ჩემპიონატის ცხრილს მარადონას "ნაპოლი" ლიდერობდა, თუმცა პირველ წრეში სან-სიროზე "როსონერიმ" 4:1 გაანადგურა.

მეორე წრეში ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება სეზონის მთავარი მოვლენად იქცა -"მილანს" უშუალო კონკურენტზე ერთი ქულით მეტი ჰქონდა , ამიტომ ჩემპიონის ვინაობა, ფაქტობრივად, ამ მატჩში წყდებოდა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორენახევარში კი "ნაპოლის" 80 ათასი გულშემატკივრის წინ ვირდისის ორი გოლსა და ვან ბასტენის კიდევ ერთი გაბრწყინებას, "ნაპოლიმ" მხოლოდ კარეაკას გოლით უპასუხა - "მილანმა" 3:2 მოიგო. მომდევნო ტურში საკის გუნდმა "იუვენტუსთან" ფრედ 0:0 ითამაშა. ბოლო მატჩი "კომოს" წინააღმდეგაც ფრედ 1:1 დაასრულეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა, იმისათვის რომ 9 წლიანი პაუზის შემდეგ "როსონერის" სკუდეტო მიეღო. აქედან დაიწყო "მილანის" ბატონობა იტალიურ და მსოფლიო ფეხბურთში.

სეზონის ბოლოს საკის მოთხოვნით გუნდს დაუბრუნდა ფრანკ რაიკარდი და ჰოლანდიური ტრიო - გულიტი, ვან ბასტენი, რაიკარდი შეიკრა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1988 წლის ”ფრანს ფუტბოლი” გამოკითხვაში პირველი საპატიო სამი ადგილი სწორედ ამ ჰოლანდილებმა დაიკავეს შემდეგი თანმიმდევრობით - ვან ბასტენი, გულიტი და რაიკარდი.

მომდევნო სეზონში საკიმ აქცენტი ევროპულ ტურნირებზე გააკეთა, 1988 წელს ჩემპიონთა თასზე შთამბეჭდავი გამოდგა ნახევარფინალური მატჩი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. სანტიაგო ბერნაბეუზე მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა. იმ დროს "რეალი" მსოფლიო ფეხბურთის მწვევრვალზე იყო, ამიტომ ახლადაწყობილ გუნდთან ფრედ თამაში წაგებას უდრიდა. იმ შეხვედრაში მილანელთაგან საუკეთესო პაოლო მალდინი იყო, რომელიც მუდმივად მოძრაობდა და ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს. განმეორებით მატჩში "მილანმა" საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურეს მადრიდელები.

ბარსელონაში გამართულ ფინალში "როსონერი" ბუქარესტის სტიაუას შეხვდა. კატალონიაში "მილანს" უამრავი გულშემატკივარი გაჰყვა, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ფეხბურთელებს. სტადიონზეც მხოლოდ შავ-წითელი ფერები დომინირებდა. "მილანმა" 1986 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი 4:0 გაანადგურა. გულიტმა და ვან ბასტენმა ორ-ორი გოლი გაიტანეს.

24 წლის შემდეგ "როსონერი" ევროპული ფეხბურთის სათავეში მოექცა. "მილანის" ისტორიაში პირველად ზაფხულში ევროპის სუპერ თასი აღმართეს, დეკემბერში კი ტოკიოში გამართულ საკონტინენტთაშორისო თასზე მეორედ იმარჯვეს.

მომდევნო სეზონში იტალიის ჩემპიონატში ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. მთავარი კონკურენტი კვლავ "ნაპოლი" იყო, რომელიც ფედაფეხ მისდევდა. ბოლოს წინა ტურში "ვერონას" წინააღმდეგ ითამაშეს. ამ შეხვედრაში მსაჯმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მოედნიდან ერთდროულად გააძევა რაიკარდი, ვან ბასტენი, კოსტაკურტა და ზედ მწვრთნელი საკიც მიაყოლა. შემდეგ ვერონელის თამაშგარედან გატანილი გოლი ჩათვალა და "მილანიც" სკუდეტოს დაემშვიდობა.

სერია ა-ში წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად "მილანი" ევროპულ ტურნირებზე კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. 1990 წელს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგეს. ვენაში გამართულ ფინალში რაიკარდის გოლით "ბენფიკა" დაამარცხეს. ლიგას ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასებიც დაუმატეს და სეზონი სამი ტიტულით დაასრულეს.

მომდევნო წელს ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მარსელის "ოლიმპიკთან" სტადიონზე შუქი ჩაქრა, მილანელებმა, რომლებიც შეხვედრას აგებდნენ, თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. უეფა-მ კი წაგებაში ჩაუთვალა და "როსონერის" დისკვალიფიკაციაც მისცა - გათამაშება დატოვა და ევროტურნირებიდან ერთი წლით მოიკვეთა.

კაპელოს "მილანი"

ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე სკუადრა აძურა ვერ მოხვდა, ამიტომ საკის ნაკრებში უხმეს, მის ნაცვლად "როსონერიში" კი ფაბიო კაპელო მოვიდა. კაპელომ საკისგან განსხვავებით ფეხბურთელები მკაცრი სქემებისგან გაათავისუფლა და უფრო მეტი შემოქმედებითობის უფლება მისცა, ახალი მიზნები დაუსახა და "მილანი" უძლიერესი გუნდების სათავეში მოაქცია.

1991-1992 წლების სეზონში მილანმა "პერუჯას" რეკორდი გაიმეორა და სერია ა, 58 მატჩი წაუგებლად დაასრულა და სკუდეტოს კიდევ ერთხელ დაეუფლა. ტიტული მომდევნო წელსაც დაიცვეს.

1993 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი შესანიშნავი შედეგით გავიდნენ - 10 მატჩიდან ყველა მოიგეს და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. ფინალში იტალიელები მარსელის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდნენ, სადაც დამარცხდნენ, თუმცა მალე ფრანგები გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს და დასაჯეს. მათ ნაცვლად ევროპის სუპერთასსა და საკონტინენტაშორისო თასზე "მილანმა" იასპარეზა, თუმცა ტიტულის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ მოიგო იტალიის სუპერთასი.

იმ წელს ჰოლანდიური ტრიო გუნდიდან წავიდა, გულიტი კაპელოს ეჩხუბა და "სამპდორიაში" გადავიდა, რაიკარდი "აიაქსს" დაუბრუნდა, ვან ბასტენმა კი ტრავმა ვერაფრით მოირჩინა და კარიერა დაასრულა. მათ ნაცვლად ახალი ვარსკვლავები გაბრწყინდნენ - ჟან-პიერ პაპენი, სებასტიანო როსი, სტეფანო ერანიო, ზვონიმირ ბობანი, მარსელ დესაი და კრისტიან პანუჩი.

"როსონერის" ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა 1994-მა წელმა, იმ სეზონში "მილანმა" ზედიზედ მესამედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. იმ დროის დაცვის ოთხეული ბარეზი -მალდინი - კოსტაკურტა - ტასოტი, ფეხბურთის ისტორიაში დღემდე საუკეთესო დაცვად ითვლება. სწორედ მათი წყალობით შავ-წითლების კარში გოლის გატანა წარმოუდგენელი იყო.

იმ სეზონში "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაზე ფინალამდე გააღწია და ბოლო მატჩში კრუიფის "ბარსელონას" დაუპირისპირდა. ეს შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანმა ბარეზიმ და კოსტაკურტამ გამოტოვეს. სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად "მილანი" ფავორიტად არ ითვლებოდა. თუმცა უკვე პირველი ტაიმის შემდეგ "როსონერი" მასაროს დუბლის წყალობით 2:0 იგებდა. მეორე ნახევარში სავიჩევიჩმა ულამაზესი გოლით ანგარიში სამამდე გაზარდა. მატჩს საბოლოო წერტილი კი მარსელ დესაიმ 58-ე წუთზე დასვა. მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და ზღაპრული მატჩი აჩუქა გულშემატკივარს.

ჩემპიონთა ლიგის თასს იტალიის სუპერთასიც მიაყოლეს. "სამპდორიასთან" მატჩში ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერია კი უკეთ შავ-წითლებმა შეასრულეს და მათ სასარგებლოდ ანგარიში 4:3 დაფიქსირდა.

1995 წლის თებერვალში ევროპის სუპერთასისთვის "მილანი" "არსენალს" დაუპირისპირდა, პირველი მატჩი ჰაიბერიზე ფრედ დასრულდა. სან-სიროზე გამართულ შეხვედრაში "როსონერიმ" მეტოქე 2:0 დაამარცხა. ევროპის სუპერ თასი "მილანმა" მესამედ მოიგო. იმ წელს დაუფლა იტალიის სუპერ თასსაც.

ჩავარდნილი სეზონები

კაპელოს გუნდი მომდევნო სეზონში უკვე არასტაბილურად თამაშობდა, თუმცა შემდეგ სეზონში "მილანი" კიდევ ერთხელ გახდა იტალიის ჩემპიონი, მაშინ უკვე ჟორჟ ვეა ბრწყინავდა. 1996 წელს სეზონის ბოლოს კაპელო გუნდიდან წავიდა და ჩავარდნაც დაიწყო. "როსონერიმ" ლიდერის პოზიციები დათმო. მთავარ მწვრთნელად ურუგვაელი ოსკარ ტაბარესი დაინიშნა, თუმცა მისი მუშაობა იტალიურ გუნდში მხოლოდ 5 თვეს გაგრძელდა, შემდეგ კვლავ არიგო საკი დააბრუნეს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

მომდევნო სეზონში მთავარი მწვრთნელს პოსტი კვლავ კაპელოს ანდეს. ვერც მან უშველა კლუბს. 1997-1998 წლებში "რომასთან" 0:5 წააგეს, "პარმასთან" მხოლოდ ქულის აღება შეძლეს და "ფიორენტინასთან" 0:2 დათმეს შეხვედრა. კლუბიც საერთოდ ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ამ ფაქტმა გულშემატკივართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მათი აგრესია ფეხბურთელებზეც გადავიდა. აშკარა იყო, რომ "მილანის" დიდების ერა დასრულდა. საფეხბურთო კარიერა დაასრულეს მაური ტასოტიმ და ფრანკო ბარეზიმ, ამ უკანასკნელმა კაპიტნის სამკლაური პაოლო მალდინის გადასცა.

კლუბში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ხელმძღვანელობას გუნდიდან არც ერთი ფეხბურთელი არ გაუშვია, თანამდებობა მხოლოდ კაპელოს დაატოვებინეს და მის ნაცლად ძაკერონი დანიშნეს. მან ცვილებები შეიტანა სათამაშო სქემაში. განაპირა მცველებს მეტი თავისუფლება მიანიჭა და თავდამსხმელების დახმარებაც დაავალა. ამიტომ უკანა ხაზის მოთამაშეები ხშირად აკეთებდნენ საგოლე გადაცემებს. შეტევა უფრო მასობრივი გახდა. ასეთი მიდგომით სეზონის მეორე ნახევარში "მილანი" ცხრილის სათავეში მყოფ რომის "ლაციოს" დაეწია, ბოლო ტურში აართვა ტიტული და მე-16 სკუდეტო მოიპოვა. თუმცა ეს გამონათებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ახალი წარმატებული სერიის დაწყებას. ძაკერონიმ პოსტი მალე დატოვა. რამდენიმე სპეციალისტის გამოცვლის შემდეგ გუნდი კარლო ანჩელოტის ჩააბარეს.

ტურის მოთამაშე
მატი ფერნანდესი
მატჩის მილანელი
N
გუნდები
1
იუვენტუსი
70
28
2
რომა
62
28
3
ნაპოლი
60
28
4
ლაციო
56
28
5
ინტერი
55
29
6
მილანი
53
29
7
ატალანტა
52
28
დანაკლისი
არავინ
ჰონდა, აბატე, ბონავენტურა, მონტოლივო
გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ საიტის ახალ დიზაინს?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image