მილანის ქართული საიტი » ისტორია » ლეგენდები » თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა...
ინფორმაცია
  • ნახვები: 1682
  • ავტორი: nana-italia
  • თარიღი: 23-06-2011, 12:52
 (ხმის მიცემა: 6)
23-06-2011, 12:52

თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა...

კატეგორია: ისტორია » ლეგენდები

თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა...

ის დაიბადა, რომ ეთამაშა ფეხბურთი...ეთამაშა?... ნუ გაეტანა გოლი... ის დაიბადა, რომ ფეხბურთისთვის რაღაც ახალი შეემატებინა. ვერ იტყვი, რომ მისი ყველა გოლი იდეალური, შეუდარებელი კომბინაციის შედეგია. ვერც იმას იტყვი, რომ იგი მდიდარი ფანტაზიის მქონე თავდამსხმელია, მაგრამ მხოლოდ მასზე ამბობენ რომ იგი ერთადერთია.... ყველა. ვისაც კი ფეხბურთი უყვარს, აღნიშნავს, რომ იგი თანამედროვე ფეხბურთის ფენომენია...მისი დახასიათებაც კი ძნელია.
განსაკუთრებული სიჩქარე?- არა.
ფანტაზია?- უკეთესიც გვინახავს.
ტქენიკა?- არც ისეთი.
აბა რა არის ის, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. ის არ არის ერთ-ერთი, ის ერთადერთია... იგი დაიბადა, რომ ითამაშოს და გაიტანოს... ის “სუპერპიპოა“...
თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა...
იგი 1973 წლის 9 აგვისტოს დაიბადა, ქალაქ პიაჩენცაში, თუმცა მას ხშირად “თამაშგარეში დაბადებულს უწოდებენ“. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, არამგონია არსებობდეს ფეხბურთელი, რომელიც პიპოს დაეწევა, თამაშგარეების რაოდენობაში. თუმცა, მისი ასეთი აქტიურობა ხშირად სასურველი შედეგით მთავრდება, “მილანის“ ანგარიშზე ქულა იწერება... მისი მისია არ არის ლამაზი თამაშის შემნა, მისი მისია გოლის გატანაა... მისი დანახვისთანავე როგორი გამოუვალი სიტუაციაც არ უნდა იყოს, ყველა გულშემატკივარს იმედის ნაპერწკალი იმედის ცეცხლად გადაექცევა ხოლმე, რადგან ის აკეთებდა სასწაულებს და მიუხედავად ასაკისა, შეუძლია, გააკეთოს ეს ნებისმიერ მატჩში… მთავარი მიზეზი კი ამის ისაა, რომ ინძაგი არ თამაშობს მხოლოდ ფეხებით, არც მხოლოდ ფეხებით და გონებით ერთად… სუპერპიპო მთელი გულით თამაშობს!
თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა...

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ბევრი ფენომენი ახსოვს. ზოგი საუცხოო ტექნიკით გამოირჩევა, ზოგს შეუდარებელი სისწრაფე აქვს, ზოგის საჯარიმო დარტყმა კი ხელოვნების ნიმუშია. ეტყობა, მაშინ როცა პიპო იბადებოდა, ფეხბურთის ფერიამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მას გოლის გატანის საუცხოო ნიჭი აჩუქა. ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ფენომენი ფეხბურთის ისტორიაში.
პიპო ყველასგან განსხვავებული თავდამსხმელია. განა მხოლოდ იმიტომ, რომ სულ თამაშგარეშია. არა, ის თითქოს სულ სხვა ტიპის ფეხბურთელია. ვერავის ვერ მიამსგავსებ. მოედანზე სულ ფაფხურობს, ხან ვინმე აგდებს, ხან ვითომ ვინმე აგდებს, ხან სტკივა, ხან ვითომ სტკივა, ხან თამაშგარეშია და ხან… თამაშგარეში. იოფან კრუიფმა მასზე თქვა: “შეხედეთ, მან თამაშიც კი არ იცის, უბრალოდ, მუდამ სწორ პოზიციაზე დგას”. არა, პიპომ ნამდვილად იცის თამაში, თუმდაც იმიტომ, რომ მართლაც სულ სწორ პოზიციას არჩევს და გოლის შესაშური ალღო აქვს. თუ უყურებთ მისი გუნდის მატჩს და პიპო მოედანზეა, ნუ ელით მისგან უზუსტეს გადაცემებს, ულამაზეს ფინტებს, მოედნის ცენტრიდან უძლიერეს დარტყმებს… უბრალოდ, უყურეთ და დააკვირდით, თუ რას აკეთებს სუპერპიპო იმისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას იდგეს და ბურთსაც საჭირო ადგილას საჭირო დროს შეეხოს… უყურეთ და ისიამოვნეთ იმის ცქერით, თუ როგორ ცდილობს სუპერპიპო ესოდენ სანატრელი გოლის გატანას. უყურეთ, დაელოდეთ გოლს და ის აუცილებლად გაიტანს. ინძაგისა და “მილანის” გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასიხარულო კი იმის დანახვაა, თუ როგორ ცდილობს ის იმის გაკეთებას, რასაც უკვე წლებია აკეთებს, რისი გაკეთებაც მას ევალება და რისი გაკეთებაც მას სიამოვნებას გვრის და გულშემატკივრებსაც სიხარულს ანიჭებს. პიპო აგვისტოში უკვე 38 წლის გახდება, მაგრამ ალბათ ნებისმიერ თავდამსხმელს შეშურდება ასეთი მონდომების, ასეთი დაუღალავი სირბილის… ის მოედანზე იტალიელებისთვის დამახასითებელი ჟესტიკულაციითაც გამოირჩევა ხელიდან გაშვებული შანსისგან დამწუხრებული, ბავშვივით ნაწყენი გამომეტყველებითაც და ასევე წარმატების მიღწევის გამო ბავშვივით გახარებული ქცევითაც. ალბათ არც ერთი ახალგაზრდა ფორვარდი არ ცდილობს ისე ძალიან გოლის გატანას და თავის გამოჩენას, როგორც პიპო. ხანდახან მისი თამაშიდან შეიძლება გეგონოთ, რომ ის 20 წლისაა, მაგრამ არა, ის მალე წავა ფეხბურთიდან, ჩამოკიდებს თავის ბუცებს ლურსმანზე და წავა.
თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა...

პიპოს ყველაზე მთავარი მომენტი მის კარიერაში წინ ელოდა. 2007 წლის 23 მაისს სუპერპიპოს ორი გოლის წყალობით მილანმა ლივერპული დაამარცხა და მეშვიდედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტული. “ეს ჩემი ოცნება იყო, რომ ფინალში ორი გოლი გამეტანა. ეს სურვილი ავისრულე და ყველაზე ბედნიერ კაცად ვთვლი ჩემს თავს მთელს დედამიწის ზურგზე. ეს დაუვიწყარი მატჩი იყო ჩემთვის, მატჩი, რომელსაც ვერაფერი წაშლის ჩემი მეხსიერებიდან” – განაცხადა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ.
“ფინალის შემდეგ, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში, ღამით დაძინებას ვერ ვახერხებდი, – თქვა მან – როგორც კი თვალს მოვხუჭავდი, მესიზმრებოდა, თითქოს “ლივერპულმა” ისევ მოგვიგო… თუმცა საკმარისი იყო თვალის გახელა, რომ მივმხვდარიყავი, ჩემპიონები ამჯერად ჩვენ გავხდით და ეს წარმოსახვა იყო, მხოლოდ და მხოლოდ არარეალური ღამის კოშმარი!”
ბუნებრივია, რომ ფორვარდმა ფინალში გოლის გატანაზე იოცნებოს, მაგრამ ორი გოლის გატანაზე?! ეს მხოლოდ ამ უცნაურ იტალიელს თუ მოაფიქრდებოდა.
თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა...

სამწუხაროდ მას ხშირად ტანჯავს ტრავმები.
"ცხოვრება და ფეხბურთი ასეთია, წუთით ადრე თამაშობ და ბურთისთვის იბრძვი, შემდეგ კი მუხლი ხელით გიჭირავს. ვხედავ, რომ ირგვლივ უამრავი მხარდამჭერი მყავს. მათი მადლობელი ვარ. ყველა გვერდში დამიდგა - კლუბი, მწვრთნელი, თანაგუნდელი მეგობრები, გულშემატკივრები. მე თქვენ გიყურებთ და თქვენ მხარს მიჭერთ. ყველამ იცის, რომ დაბრუნება ძნელი იქნება, მაგრამ არ დავნებდები. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა", - აცხადებს ინძაგი.

ინძაგის სენტიმენტალურ სიტყვებს "რომას" კაპიტანი ფრანჩესკო ტოტიც გამოეხმაურა:
"არასდროს დანებდე, პიპო. შენ ჩვენთვის ყველასთვის მაგალითი ხარ! ინძაგი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მისი სტატისტიკა ამაზე მეტყველებს. ის ოფსაიდის ზღვარზე თამაშის დიდოსტატია და იცის, როგორ გამოიყენოს ესეთი მომენტები. ფილიპო პროფესიონალია, რომელიც ყოველთვის მკაცრი დისციპლინით ვარჯიშობდა და მას მუდმივად გოლის გატანის და გამარჯვების ნება გამოარჩევდა", - ამბობს ტოტი.
თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა...
არ ვიცი რა უნდა დავწერო ამ ფეხბურთელზე. ძნელია დაწერო და ილაპარაკო ადამიანზე, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის. ძნელია ისე დაწერო, რომ მკითხველს თავი არ მოაწყინო და თან უკმაყოფილების გრძნობა არ დაუტოვო. მე ამ სტატიით არაფერი მითქვამს ახალი, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაფასე (შევეცადე დამეფასებინა) ჩვენი პიპო, ჩვენი ბომბარდირი და ბომბდამშენი.
პიპო უკვე 38 წლისაა, იგი მალე დაგვტოვებს და წავა ფეხბურთიდან. თუმცა “მილანის“ გულშემატკივრების გულში იგი მუდამ სუპერპიპოდ დარჩება. ფეხბურთელები მიდიან და მოდია, მაგრამ მხოლოდ ერთეულები რჩებიან გულშემატკივრების გულში სამუდამოდ. პიპო კი აუცილებლად იქნება ერთ-ერთი მათგანი...
თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა...
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ გაქვთ სტუმრის სტატუსის დროს კომენტარის გაკეთების უფლება.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ გაიარეთ ავტორიზაცია.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში Guests, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.