მისი სახელი ბევრ რამეზე მეტყველებს... როცა მოვიდა "გამილანელდა" და ამ კლუბისთვის დღემდე არ უღალატია... ის დღემდე ლეგენდარული მცველია, რასაც თავისი თამაშითაც ამტკიცებს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ სანდრო ნესტას შესახებ, თუ როგორ გაატარა და, ალბათ, ატარებს კიდეც კარიერის საუკეთესო წლებს.მოდით მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ:
როგორც იცით, ნესტა "ლაციოს" აკადემიის აღზრდილია. ეს მისი მშობლიური კლუბია. თავდაპირველად ის დუბლებში გამოდიოდა, ხოლოდ 1994 წელს სანდროს დიდ ფეხბურთში დებიუტიც შედგა. მან მალე უკვე ყურადღებაც მიიპყრო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის პოზიციებს ხშირად იცვლიდა, მაგრამ საბოლოოდ მცველობა აირჩია. 1994 წლიდან 2002 წლამდე ის "ლაციალეს" ლიდერად ჩამოყალიბდა, კაპიტნის სამკლაური უკვე 21 წლის ასაკში ეკეთა და მისი ძალისხმევით დედაქალაქური გუნდის დაცვა გაუვალი იყო, რაზეც 1999 წელს 16 მატჩიანი სერიაც მიუთითებს. თავისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით ნესტა უტიტულოდ არ დარჩენილა. იტალიის პირველობა მან ერთხელ მოიპოვა, თასი და სუპერთასი 2-ჯერ, უეფას სუპერთასი და თასების თასიც მის აქტივშია ჩაწერილი. მაგრამ დადგა იმისი დროც, როცა "ლაციომ" ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუძლო და იძულებული იყო "მილანში" გაეყიდა.
სილვიო ბერლუსკონის სანდროს ყიდვა 30 მილიონი ევრო დაუჯდა. ნესტა კი მალევე შეეგუა გუნდს და პაოლო მალდინის შეუწყვილდა, სადაც თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ამით "მილანის" დაცვის პრობლემაც მოგვარდა.
არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ მას ბევრმა ტრავმამ შეუშალა ხელი, მაგრამ ნესტა არ ტყდებოდა, არ ნებდებოდა და უფრო დამაჯერებლად თამაშობდა. იმდენად დამაჯერებლადაც კი, რომ ტრავმის შემდეგ ფორმაში სწრაფად დგებოდა და ძირითად შემადგენლობას უბრუნდებოდა. მის პირველ სეზონში კი გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამას მომავალ სეზონში სკუდეტო, უეფას სუპერთასი და იტალიის სუპერთასიც მოყვა. ნესტა "როსონერის" შეუცვლელი ფიგურა გახდა! დამეთანხმებით, რომ "მილანი" მაშინ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, რომელსაც თითქმის ყველა პოზიცია დაკომპლექტებული ჰქონდა. 2005 წელს ის და თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ "ლივერპულმა" პენალტების სერიაში მოიგო. ამ პერიოდში გახდა ალესანდრო მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის მაისურით. ამან ის კიდევ უფრო პოპულარული გახადა. ამავე დროს "მილანიც" შესანიშნავად ასპარეზობდა ყველა ტურნირში, მაგრამ 2006 წლის "კალჩოპოლმა" გუნდს სერია A-ში თავის წარმოჩენაში შეუშალა ხელი, მაგრამ არა მხოლოდ. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი შესანიშნავად ასპარეზობდა, რაშიც წვლილი ნესტასაც მიუძღვის. ის თითქმის უშეცდომო იყო, გუნდს მისი არყოფნა მაშინვე ეტყობოდა. საბოლოოდ, "მილანმა" 2007 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგო, არ დააყოვნა სუპერთასმაც და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმაც, სადაც ნესტამ გოლიც კი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ენთუზიაზმი, დამაჯერებლობა, საოცარი ვარდნა, მაღალი კლასი, ბრძოლისუნარიანობა - ეს იმ თვისებათა ჩამონათვალია, რაც ალესანდრო ნესტას ვარსკვლავად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ახლა კი გთავაზობთ სხვადასხვა ადამიანის შეხედულებას ამ, მართლაც და, ლეგენდარულ მცველზე:
მაურო ტასოტი: "სანდრო ნესტა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული უძლიერესი ცენტრალური მცველია. მას ყველაზე კარგად გავუგე და ალესანდროსთან თამაშიც უფრო მიადვილდება".
კალაძე: "ნესტასთვის არავითარი პრობლემა არ არსებობს. გასაოცარი სიიოლით თავს ურთულეს დავალებებს ართმევს. ის ძალიან ჭკვიანი და გამოცდილია, შესანიშნავად ირჩევს პოზიციას და ნებისმიერი ტიპის ფორვარდის შეჩერება ძალუძს. ის დიდებულ ფრანკო ბარეზის მაგონებს.
მალდინი: "ნესტა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველი ყოველთვის იქნება..."
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სანდროს ტრავმებმაც შეუშალა ხელი, ხან მხარი აწუხებდა, ხან კიდევ ზურგი. ამის გამო მას არაერთი მატჩის გამოტოვება მოუწია. მაგრამ ის "როსონერის" დაცვის ლიდერად მაინც რჩებოდა. გარდა იმისა, რომ ნესტა კარგი მცველი იყო, ხანდახან გოლების გატანაც შეეძლო. 2009/10 წლების სეზონში "მილანს" ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ის ბოლომდე იბრძოდა, რომ გუნდს არ წაეგო. ის და ახალწვეული ტიაგო სილვა იმდენად შეთამაშდნენ, რომ არა ასეთი დაცვის ცენტრი, ალბათ, "მილანს" უფრო ცუდი შედეგები ექნებოდა. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სანდროსგან "კიევოსთან" შესრულებული დუბლი აღმოჩნდა, რომელიც გუნდს 3 ქულის აღებაში დაეხმარა.
"მილანმა" ის სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. 2011 წელს "მილანთან" ერთად ჯგუფში "ბარსელონა", "ვიქტორია" და "ბატე" მოხვდნენ. ამათგან ყველაზე საინტერესო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, "ბარსელონასთან" იქნებოდა, რომელიც "როსონერიმ" 13 სექტემბერს კამპ ნოუზე გამართა და მეტოქის გულშემატკივრების გასაკვირად 2-2-ს მიაღწია. ამ მატჩში კი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ნესტა იყო, რომელმაც მესის გოლის გატანის საშუალება არ მისცა. არ შემიძლია არ შემოგთავაზოთ ვიდეო, თუ როგორ უმკლავდება 34 წლის მცველი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, მესის.
თამამად ვიტყვი, რომ სანდრო ნესტა სულითა და გულით "მილანელია", რადგან მუდმივად იბრძვის გუნდის ღირსებისთვის, არ უნდა წაგება და ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი სახელი არ შეარცხვინოს. არ მიჯერებთ? თქვენი ნებაა. მკითხველო, ალბათ გემახსოვრებათ ის პერიოდი, როცა ანდრეა პირლო წავიდა და "მილანის" გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს გული დაგვწყდა. ამათგან ერთ-ერთი სანდრო ნესტა იყო, რომელმაც პირლოს წასვლასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:
''ის ერთ-ერთი უკანასკნელია,რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ფეხბურთის გენია. ხანდახან უცნაურადაც გამოიყურება, გზაზე ავტობუსში სძინავს, მაგრამ საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს გასახდელში. მას ყველა ჩვენგანი აფასებს.
ფეხბურთში არსებობს მეგობრობა, მე მასთან ახლოს ვარ და ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ის ''იუვენტუსში'' მიდის.''
ეს სიტყვები კი ნესტას კარიერის დასრულებას ეხება, რომელიც მან არაერთხელ გაიმეორა:
"კარიერის დასრულების სურვილი ამჟამად არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ბოლო ჟამი მიდგას, მაინც დიდი ენთუზიაზმით ვვარჯიშობ. გვინდა, რომ გუნდის ერთგული გულშემატკივრები გავახაროთ.
იმედი მაქვს, იქამდე ვითამაშებ სადამდეც ჩემი სხეული ამის საშუალებას მომცემს. ჩემს თავს მსოფლიო ფეხბურთის მომავალში ვხედავ, თუმცა რა როლს შევასრულებ ამაზე ჯერ არ მიფიქრია"
ამ სეზონში მას ცოტათი არ გაუმართლა, შეიძლება, ეს ასაკის ბრალიცაა, მაგრამ ამის გამო მისი გამორჩეულობის არდანახვა, ჩემი აზრით, სწორი საქციელი არ იქნება. მისი მონაგარი ამ სეზონში "რომასთან" თავით გატანილი ულამაზესი გოლია. ცოტა ხანში მან ტრავმაც მიიღო და მოედანს 1 თვით დაემშვიდობა. მაგრამ ამჟამად მან ტრავმა მოიშუშა და "პსჟ"-სთან მეორე ტაიმი ითამაშა. ბოლო წინადადება, ალბათ, "მილანის" გულშემატკივრისთვის დამაიმედებელი იქნება და იმედიც გვაქვს, რომ სანდრო ახალი ძალებით დაგვიბრუნდება და კიდევ გაგვახარებს...
ის ლეგენდარული მცველის ლეგენდარული თვისებებითაა აღჭურვილი. ის "მილანის" გარდა სხვა ფეხბურთელებისთვის მაგალითია. ყველა მას მეგობრულ ადამიანად მოიხსენიებს. 34 წლის მცველი არ ნებდება და ტიტულის მოგება კიდევ სურს. ჩემო მკითხველო, თუ გაგახსენდება "მილანის" ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: მალდინი, გატუზო, პირლო, კაფუ და ა. შ. აუცილებლად გაგიელვებს ალესანდრო ნესტა, მისი გამორჩეული ვარდნა, საიმედო თამაში და მისი "მილანისადმი" თავგანწირვა...
P.S. ეს ჩემი მე-400 სტატიაა!









