"მილანის" ისტორიაში ანდრეი ყველა დროის საუკეთესო ბომბადირთა შორის მეორე ადგილზეა: 317 მატჩში გატანილი 175 გოლით მხოლოდ ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელს, გუნარ ნორდალს ჩამორჩება.უკრაინის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ 1999 წლის ზაფხულში მოირგო "მილანის" მაისური და 2006 წლის ზაფხულამდე თამაშობდა "სან სიროზე", სადაც 175 გოლიდან 173 სწორედ მაშინ გაიტანა.
მერე იყო "ჩელსი", სადაც შევჩენკომ ორი უსახური სეზონი გაატარა. ამ ტრანსფერს არაერთი სპეციალისტი უყურებდა სკეპტიკური თვალით და მათი მოლოდინი გამართლდა კიდეც.
ის "მილანიდან" არ უნდა წასულიყო ასეთია საერთო მოსაზრება, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო. შევას სილვიო ბერლუსკონის გუნდში არაფერი აკლდა: ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ჰქონდა, შესანიშნავად თამაშობდა და გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ევროპაში კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახლდათ.
თუმცა რაც იყო იყო და ჩვენც ის წლები გავიხსენოთ, როცა "მილანი" უკრაინელი გოლეადორის გარეშე წარმოუდგენელი იყო.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში შევჩენკო 1999 წელს გადავიდა კიევის "დინამოდან", "მილანმა" მის სანაცვლოდ 25 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს გარიგება იტალიური კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და აი რატომ: სადებიუტო სეზონში შევამ 24 გოლი გაიტანა და ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.
გარდა ამისა, ის სერია A-ს საუკეთესო უცხოელ მოთამაშედ დაასახელეს. "ფრანს ფუტბოლის" რეფერენდუში კი მესამე ადგილი დაიკავა.
მომდევნო წლებში უკრაინელის პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა, 2003 წლის მაისში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გადამწყვეტი პენალტის შემდეგ ის "მილანის" ტიფოზების ნამდვილი გმირი გახდა.
"მილანში" გატარებული შესანიშნავი სეზონების წყალობით ანდრეი შევჩენკო 2000, 2001, 2004 და 2005 წლებში უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, 2000 და 2004 წლებში სერია A-ს ბომბარდირის ტიტული მოიგო, 2001 და 2006 წლებში კი ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა ყველაზე მეტი გოლი.
2008 წლის 23 აგვისტოს თავდამსხმელი ოფიციალურად დაუბრუნდა "მილანს", მაშინ შევამ 76 ნომრიანი მაისური აირჩია რადგან ის 1976 წელს დაიბადა. რა თქმა უნდა მას ისევ 7 ნომრიანი მაისური ერჩივნა მაგრამ ის უკვე დაკავებული ჰქონდა ალეშანდრე პატოს.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო შევაზე:









